დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ბორის ჯონსონმა გამოხატა გაერთიანებული სამეფოს ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვარზე რუსული ძალების გაძლიერების გამო და ხაზი გაუსვა დიპლომატიური არხებით მუშაობის მნიშვნელობას დაძაბულობის დეესკალაციისა და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების გამოსავლენად.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის ერთგულია და გააფრთხილა რუსეთის ლიდერი, რომ დესტაბილიზაციის გამომწვევი ნებისმიერი ქმედება იქნება სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.
მან ასევე აღიარა საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების შესახებ დიალოგის მნიშვნელობა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ყველა მხარემ პატივი სცეს მინსკის პროტოკოლის პირობებს.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.