ევროკომისია ბელარუსიელი ხალხისადმი მხარდაჭერის გასაძლიერებლად დამატებით 30 მილიონ ევროს მობილიზებას მოახდენს. პრესრელიზის თანახმად, ეს ახალი დაფინანსება მიემართება და გააფართოებს ევროკავშირის უკვე არსებულ მხარდაჭერას ახალგაზრდების, დამოუკიდებელი მედიის, ემიგრაციაში მყოფი მცირე და საშუალო საწარმოებისა და კულტურის წარმომადგენელთა მიმართ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსიელი ხალხის გვერდით დგას, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში.
„ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ახალი 30 მილიონი ევროთი ახალგაზრდებისთვის, დამოუკიდებელი მედიისთვის, ემიგრაციაში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და კულტურული აქტორებისთვის, რომელთა რეპრესიებს აგრძელებს ლუკაშენკოს რეჟიმი. ჩვენ გვაქვს 3 მილიარდი ევროს ეკონომიკური და საინვესტიციო პაკეტი, რომელიც მზად არის დემოკრატიული ბელარუსისთვის (თუ ასეთი ტრანზიცია მოხდება). ბელარუსი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვა ჩვენთვის შთაგონების წყაროა“.
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, მხარდაჭერის გაზრდის შესახებ განცხადება არის კიდევ ერთი ნათელი ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირი აგრძელებს ბელარუსიელი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
„ბელარუსიელ ხალხს კვლავ შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერისა და სოლიდარობის იმედი დემოკრატიული მომავლის მშენებლობისთვის ბრძოლაში“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.