ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-სგან 92 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა, რომელსაც მხოლოდ ერთი ფილტვი აქვს.
როგორც კლინიკის გვერდზეა ნათქვამი, აკაკი მჟავანაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს მკვიდრია და ის რეაბილიტაციის პროცესს სახლში გადის.
„გაიცანით 92 წლის აკაკი მჟავანაძე, ჩვენი გმირი ბაბუა, რომელმაც კოვიდი დაამარცხა. აკაკი ბაბუ საერთაშორისო ჰოსპიტალის კოვიდცენტრში ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. ის პნევმონიისა და ესენციური ჰიპერტენზიის დიაგნოზით შემოიყვანეს. აღსანიშნავია, რომ უხუცეს პაციენტს მხოლოდ ერთი ფილტვი აქვს, ათწლეულების წინ მას ცალმხრივი პულმენოქტომია ჩაუტარდა, რომლის დროსაც მეორე ფილტვი ამოკვეთეს. ჩვენი მედიკოსების დახმარებით აკაკი ბაბუმ ვირუსი დაამარცხა, ახლა თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და რეაბილიტაციის პროცესს უკვე შუახევში, მშობლიურ სოფელში გააგრძელებს. ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს გმირ ბაბუას“, - წერია კლინიკის ოფიციალურ გვერდზე.