პიტერ სტანოს თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმები დემოკრატიის განსამტკიცებლად, მართლმსაჯულების მიმართულებით და გადალახოს პოლარიზაცია

ევროკავშირის სპიკერმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოსთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაცია სურს, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება.

„საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფება აღიარებულია და ასახული ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე. მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულება არის ყველაზე ამბიციური შეთანხმება, რაც კი ევროკავშირს გაფორმებული აქვს სახელმწიფოებთან, რომლებსაც გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები არ დაუწყიათ.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების შემდეგ, რომლებიც უკვე მოლაპარაკებების პროცესში არიან, ევროკავშირს არ აქვს ისეთი ახლო ურთიერთობა არავისთან როგორც საქართველოსთან.

დიახ, არის უკვე ევროპული მისწრაფების აღიარება, რადგან ჩვენ გვინდა საქართველოსთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაცია, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება.

ასოცირების ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ რა იქნება ახლა ნუ ვიმსჯელებთ. მოდით მთელი ენერგია, რესურსი და დრო მოვახმაროთ ასოცირების ხელშეკრულების სრულად იმპლემენტაციას.

გავაგრძელოთ რეფორმები დემოკრატიის განსამტკიცებლად, მართლმსაჯულების მიმართულებით და გადავლახოთ პოლიტიკური პოლარიზაცია“, - განაცხადა პიტერ სტანომ „იმედთან“.