ბიძინა კულუმბეგოვი: ვაქცინაც არ უნდათ და ვირუსი არც გადატანილი აქვთ, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება

"მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელთა იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და ვირუსი არც გადატანილი აქვთ, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ომიკრონის“ დაფიქსირების შემთხვევაში, შეიძლება ინფიცირების გამოვლენილი ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბოს, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის სრული კატასტროფა იქნება.

„ჩვენს მოსახლეობას არ მოსწონს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა - მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელთა იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და ვირუსი არც გადატანილი აქვთ, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რადგან ვერ დარჩება საქართველოში ვერც ერთი ადამიანი „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბით, ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება. გვექნება ვაქცინაცია ან გადატანილი იმუნიტეტი? სიკვდილიანობა და დაზიანება მინიმალური იქნება. შევხვდებით იმუნური სისტემის მომზადების გარეშე? მაშინ სამწუხაროდ, ათასი ინფიცირებულიდან 10 ადამიანი გარდაიცვლება. ეს არის სამწუხარო რეალობა. გამოსავალი არსებობს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაფიქრდეს ყველა და გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი განმარტებით, გამოვლენის შემთხვევაში, „ომიკრონი“ დომინანტური აუცილებლად გახდება, რადგან ვირუსის ამ ვარიანტს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს.

„დადასტურებულია, რომ „ომიკრონს“ შეუძლია უფრო სწრაფი გავრცელება, ის უფრო მაღალი რეპროდუქციული ინდექსის მქონე ვირუსია. ეს განაპიროებებს იმ რისკს, რომ დომინანტური გახდება“,- აცხადებს კულუმბეგოვი.