კელი დეგნანი: აშშ მხარს უჭერს სასამართლო სისტემის რეფორმების გაგრძელებას, რათა მართლმსაჯულება პროფესიონალურად და მიუკერძოებელად განხორციელდეს

აშშ მხარს უჭერს სასამართლო სისტემის რეფორმების გაგრძელებას, რათა მართლმსაჯულება დროულად, პროფესიონალურად და მიუკერძოებელად განხორციელდეს, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღევანდელი შეხვედრა არის კარგი მაგალითი, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გასაგრძელებლად სამუშაო უწყვეტად მიმდინარეობს. დღეს შეიკრიბნენ მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლები პროკურორები, მოსამართლები და ადვოკატები, იმისთვის რომ იმსჯელონ, როგორ გააძლიერონ და გააუმჯობესონ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა, რათა სასამართლო პროცესები არ გაჭუანურდეს და ადამიანებს დროული, მიუკერძოებელი სამართალწარმოების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ჩვენ, საელჩო რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მცდელობას და აშშ ამაყია იმით, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას მრავალი წლის განმავლობაში უჭერს მხარს. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმების გაგრძელებას.

არსებობს ნათელი გზამკვლევი, რომელზეც ქართველმა ლიდერებმა უკვე იმსჯელეს და მოილაპარაკეს. ის ეფუძნება ვენეციის კომისიის, ოდირის, საერთაშორისო და საშინაო სამართლის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციებმა პარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოადგინეს. ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებს მეტ ნდობას გაუჩენს სასამართლო სისტემის მიმართ“, - აღნიშნა ელჩმა.