საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, არის მზაობა, რომ სასამართლო რეფორმის პროცესში დასავლეთის ქვეყნებიდან ყოფილი და მოქმედი მაღალკვალიფიციური მოსამართლეები ჩაერთონ.
საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტის შეჯამებისას სამხარაძემ განაცხადა, რომ დასავლელ პარტნიორებში არის აღქმა, რომ სასამართლო რეფორმის მიმართულებით კონკრეტული წინადადებები შემუშავებული არ არის.
„ვაშინგტონში ვიზიტისას ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმის საკითხებზე და ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ გვქონდა აზრთა თანხვედრა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო რეფორმის მიმართულებით, რომელზეც ყველა ლაპარაკობს დღეს, არ არის კონკრეტული წინადადებები შემუშავებული და ეს ძალიან საინტერესო იყო, რომ ამის აღქმა ხდება ჩვენს პარტნიორებში.
შესაბამისად, ჩვენი შეთავაზება იყო, იმის გამო, რომ კონკრეტიკა ამ სასამართლო რეფორმას არ აქვს, გავაკეთოთ ფართომასშტაბიანი ანალიზი იმის, თუ რა გაკეთდა აქამდე, რა არის კიდევ გასაკეთებელი და ამაში ჩვენ მზად ვართ, ჩავრთოთ მაღალი დონის ყოფილი მოსამართლეები ან თუნდაც მოქმედი მოსამართლეები დასავლეთიდან და ამ ანალიზის შედეგად, ვნახოთ, თუ კანონში რამე არის შესაცვლელი, შევცვალოთ. ეს იყო ის საკითხი, რომელზეც ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.