კელი დეგნანის თქმით, აშშ მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომლებიც პოლარიზაციის დასრულებას შეუწყობს ხელს

ამერიკის შეერთებული შტატები სიამოვნებით დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას და მოაგვარებდა ქვეყანაში არსებულ ღრმა დაყოფას, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან ნათლად აღწერა სიტუაცია საქართველოში, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. მან მოუწოდა ინკლუზიური მართვისკენ, პოლარიზაციის შემცირებისკენ და ასევე დიალოგისკენ, რომელიც დაიწყებს გაჯანსაღების პროცესს.

ამერიკის შეერთებული შტატები სიამოვნებით დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას და ქვეყანაში არსებული ღრმა დაყოფის მოგვარებას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ პრეზიდენტმა, წინ წამოწია თავის როლი, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელმა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთ ინიციატივებს.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არჩეულმა ლიდერებმა პარლამენტში იმუშაონ იმისთვის, რომ შეამცირონ პოლარიზაცია და ხელი შეუწყონ ნამდვილად ინკლუზიურ მმართველობას. ეს იქნებოდა დამაიმედებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, როდესაც დაინახავენ, რომ პარლამენტის წევრები იმ საკითხებზე მუშაობას შეძლებენ, რისთვისაც აირჩიეს მოქალაქეებმა.

დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია ნამვილად აფერხებს საქართველოს პროგრესს და სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს. ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს დიალოგის დასაწყებად, რომელიც გააჯანსაღებს ამ ქვეყანას და შეამცირებს ღრმა პოლარიზაციას, რომელიც უკვე დიდი ხანია, გრძელდება“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტი: ვალდებულებების შესრულება არასაკმარისი იქნება, თუ არ ვიპოვით პოლარიზაციის დაძლევის გზას - პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს