უკრაინის რადამ წვრთნებში უცხოური ჯარების მონაწილეობას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 2022 წელს, წვრთნებში უცხოეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას ითვალისწინებს.

მანამდე დოკუმენტი პარლამენტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარუდგინა. პროექტის მიხედვით, მომავალ წელს უკრაინაში 10 ძირითადი სამხედრო სწავლება იგეგმება.

უკრაინა, რომელიც არ არის NATO-ს წევრი, აძლიერებს სამხედრო თანამშრომლობას დასავლეთის ქვეყნებთან იმ ინფორმაციის ფონზე, რომ რუსეთი შესაძლოა, დიდი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებოდეს.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.