ანდრიუს კუბილიუსი: უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის დროა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა დასავლეთის მიერ პუტინის დაშოშმინებას არ უნდა შეეწირონ.

„პუტინი, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ახლა ითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა არ უნდა იზრუნონ უსაფრთხოებაზე და დასავლეთმა ისინი უნდა მიატოვოს. ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და არა ქართველებმა და უკრაინელებმა - მზად ვართ, დავემორჩილოთ კრემლის მუქარებს და შანტაჟს, საქართველოს და უკრაინის მომავალთან დაკავშირებით?

მზად ვართ, გადავდგათ ახალი დიდი ნაბიჯები პუტინის დაშოშმინების სტარტეგიაში? ჩვენ ვიცით, სად მიიყვანა ჰიტლერის დაშოშმინების სტრატეგიამ არამხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო. ამის კულმინაცია იყო, როდესაც ჰიტლერმა დაიწყო შანტაჟი ჩეხეთ-სლოვაკეთის მომავალით და დასავლეთი დანებდა.

ახლა პუტინი დასავლეთს აშანტაჟებს უკრაინის მომავლით - მზად ვართ, კიდევ ერთხელ დავნებდეთ? თუ არა, მაშინ ახლა ნამდვილად აღარ არის საკმარისი იმის თქმა, რომ NATO და ევროკავშირი არ მოუსმენენ რუსეთის მოთხოვნებს. ახლა დროა, რეალური ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის და ეს ხვალ დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან უნდა დავიწყოთ. ასევე უნდა წავიწიოთ წინ NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის საკითხზე. ეს თუ არ მოხდება, ცხადი გახდება, რომ ამ ქვეყნების მომავალი რეალურად მსხვერპლად შესწირეს პუტინის დაშოშმინებას.

2008 წელს პუტინის დასამშვიდებლად NATO-მ მიიღო გადაწყეტილება, არ მიიწვიოს ალიანსში საქართველო და უკრაინა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პუტინმა, რომ მას შეუძლია, დაიწყოს ომები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ახლა ვხედავთ, ამ დაშოშმინებას მხოლოდ ახალი მუქარები და შანტაჟი მოაქვს. ჩვენ თუ დავნებდებით, მაშინ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა რეალური აგრესიული ფაშიზმის ხელახლა შექმნაზე 21-ე საუკუნეში და ყველა იმ ტრაგედიაზე, რომელიც ევროპაში მომავალში დატრიალდება“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის,15 დეკემბერს, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება.