წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო ჯგუფმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსი მარკ მედოუსისთვის დაუმორჩილებლობის შესახებ ბრალის წაყენებას კენჭი უყარა. ამერიკის ხმის ცნობით, გამოძიების ინფორმაციით, მედოუსმა ტექსტური შეტყობინებები მიიღო, რომლებიც ცხადყოფს, რომ თეთრმა სახლმა იცოდა, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმა მიმდინარეობდა.
მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოძიებას თავად მედოუსმა გადასცა და ამის შემდეგ კონგრესის გამოძიებასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. მიმოწერებიდან ჩანს, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი, ტელეკომპანია „ფოქსის“ რამდენიმე წამყვანი და თავად პრეზიდენტ ტრამპის ვაჟი დონალდ ტრამპ უმცროსი, მედოუს სთხოვდნენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან სწრაფი მოქმედებისკენ ებიძგა და კაპიტოლიუმზე თავდასხმა შეეჩერებინა.
კონგრესი საქმეს ახლა იუსტიციის დეპარტამენტს გადასცემს, რომელიც გადაწყვეტს. გაასამართლოს თუ არა თეთრი სახლის აპარატის ყოფილი უფროსი.
კონგრესმენების ჯგუფი 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას იძიებს.