პაატა იმნაძე: უახლოესი 1 თვე ალბათ, იქნება ის პერიოდი, როცა ქვეყანაში „ომიკრონი" დაიწყებს ცირკულაციას

"უახლოესი 1 თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში "ომიკრონ" შტამი დაიწყებს ცირკულაციას", - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების საკითხზე.

როგორც იმნაძე აღნიშნავს, კვლევების მიხედვით, Pfizer-ის "ბუსტერ" დოზებს, დაახლოებით 75%-იანი დამცველობითი უნარი გააჩნია, რაც მისი განცხადებით, საკმაოდ ეფექტურია "ომიკრონ" შტამთან მიმართებით, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არანაირი კვლევა არ არსებობს ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით.

"საქართველო დედამიწაზეა და შესაბამისად, რაც დედამიწაზეა, საქართველოშიც ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი 1 თვე ალბათ, იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ეს ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას. მანამდე, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად არის მეთვალყურეობა, როდის გამოჩნდება "ომიკრონი" ქვეყანაში, ჯერჯერობით არ გამოჩენილა. იყო რამოდენიმე საეჭვო შემთხვევა, რა თქმა უნდა, გამოკვლეულია ეს ყველა, ვნახოთ, ბოლო-ბოლო, რა თქმა უნდა, "ომიკრონი" გამოჩნდება", - განაცხადა იმნაძემ.