იენს სტოლტენბერგი: რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირი დაუჯდება. რუსეთს არ აქვს უფლება, უკარნახოს საქართველოს და უკრაინას, რა არჩევანი გააკეთონ

„რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირი დაუჯდება. რუსეთს არ აქვს უფლება, უკარნახოს საქართველოს და უკრაინას, რა არჩევანი გააკეთონ“, განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინასა და საქართველოს აქვს უფლება თავად, აირჩიონ მისი მოკავშირეები.

„საქართველო არის NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. უფრო ადრე, მიმდინარე თვეში, რიგაში NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, რომ შეწყვიტოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონების აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები. დღეს ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის რუსეთის მიერ სამხედრო წარმომადგენლობის ზრდა უკრაინასა და მის ირგვლივ და მისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობები შავი ზღვის რეგიონში.

ჩვენ ვთანხმდებით, რომ NATO იქნება ძალიან ფხიზლად, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია. რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირი დაუჯდება. და ამასთანავე ექნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის. საქართველოს და უკრაინას აქვთ უფლება, თავად აირჩიოს თავისი მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება, რომ უკარნახოს ეს არჩევანი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.