ევროკავშირი საექსპერტო მისიის შექმნას სთავაზობს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რათა საზღვრების დელიმიტაციის საკითხებს მხარი დაუჭიროს

14 დეკემბერს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმააზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტი მიშელი მიესალმა ორივე ლიდერის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დეესკალაციის უზრუნველსაყოფად, კერძოდ, პირდაპირი საკომუნიკაციო კავშირის დამყარებას ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის, რასაც ხელი შეუწყო თავად შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე მიესალმა აზერბაიჯანის მიერ ათი სომეხი დაკავებულის ახლახან გათავისუფლებას და სომხეთის მიერ ნაღმების რუკების გადაცემას და მოუწოდა ყველა ჰუმანიტარული საკითხის სრული და სწრაფი გადაწყვეტისკენ.

პრეზიდენტი ალიევი და პრემიერ მინისტრი ფაშინიანი შეთანხმდნენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ დაგეგმილი მოლაპარაკებების კონტექსტში, საჭირო იქნება შემდგომი ხელშესახები ნაბიჯების გადადგმა ადგილზე დაძაბულობის შესამცირებლად.

მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ხელმისაწვდომს გახდის საექსპერტო მისიას/საკონსულტაციო ჯგუფს, რათა მხარი დაუჭიროს საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებს ტექნიკური დახმარების გაწევით ორივე ქვეყნისთვის.