ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

შეხვედრისას, განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი და ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-ს წევრობა რასაც მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ალიანსის მჭიდრო თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი NATO-ში შესასვლელად და მნიშვნელოვანია, მომზადდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევანის სუვერენული უფლება და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.

საუბარი შეეხო NATO-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და განსაკუთრებით გაესვა ხაზი შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს და მოკავშირეებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ალიანსის გენერალური მდივნის პირადი ძალისხმევა ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში მხარდაჭერის კუთხით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.