არჩილ თალაკვაძე: NATO-ს გენერალური მდივნის განცხადება მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს ეკუთვნის

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადება ეკუთვნის მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა ოპოზიციასთან იმუშაოს.

თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება მზადყოფნას გამოხატავს, ითანამშრომლოს ყველა პარტიასთან პარლამენტში, თუმცა, ოპოზიციის დიდი ნაწილი, კერძოდ - "ნაციონალური მოძრაობა" სხდომებზე წარმოდგენილი არ არის.

"შესაბამისად, როცა გენერალური მდივანი აკეთებს ასეთ განცხადებას, ის ეკუთვნის მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს, ვინაიდან ხელისუფლებას გამოხატული აქვს მზადყოფნა უკვე წლების განმავლობაში ყველა იმ პარტიასთან პარლამენტში სამუშაოდ, ვისაც აქვს მზადყოფნა ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემო რაიმე ტიპის პროცესში ჩაერთოს. ხელისუფლებამ მიიღო კონკრეტული დემოკრატიული გადაწყვეტილებები და ამ პირობებში, როცა ჩვენი პარტნიორები სვამენ საკითხს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობაზე, ხელისუფლებას აქვს თავის სათქმელი გაკეთებულ საქმესთან დაკავშირებით, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" და რადიკალურ ბანაკს ეს სათქმელი არ აქვს და ცდილობენ ყურადღების გადატანას სხვა საკითხებზე", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრისას, განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი და ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები.