საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვედრისას დაუდასტურა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება.
ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ მიზნების მისაღწევად ამბიციური გეგმები დაისახა და საქართველო ამ გზას მტკიცედ მიჰყვება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა შარლ მიშელთან. შეხვედრაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. ევროკავშირსა და საქართველოს სტაბილური პარტნიორობა აერთიანებს. მიზნების მისაღწევად ამბიციური გეგმები დაისახა და ჩვენ ამ გზას მტკიცედ მივყვებით“, - წერს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ძლიერი გზავნილების დაფიქსირებისა და საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების ასახვის მნიშვნელობას.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია და ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია და საქართველოს მთავრობის ამბიციური გეგმა, 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და მათი გაგრძელების მნიშვნელობას.