საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი Pfizer-ის „ბუსტერ“ დოზით აიცრა.
ვახტანგ გომელაურთან ერთად, ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებსაც.
„შინაგან საქმეთა მინისტრი ვაქცინაციის პროცესში, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანისთანავე ჩაერთო. მან, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად Sinopharm-ის პირველი დოზა მიმდინარე წლის 5 მაისს გაიკეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, პროცესის დაწყებისთანავე თბილისსა და რეგიონებში, იმუნიზაციის ცენტრებში ვაქცინაციის კაბინეტები მოეწყო, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, კვირის ნებისმიერ დღეს აიცრან Pfizer-ის, Sinovac-ის, ან Sinopharm-ის ვაქცინით. ამ ეტაპზე, სამინისტროს თანამშრომლების 80%-მდე უკვე აცრილია, მათ შორის უმეტესობა სრულად ვაქცინირებულია. მიმდინარეობს ბუსტერ „დოზებით“ ვაქცინაციის პროცესი“, - იუწყება შსს.