კელი დეგნანი: პოლიტიკური ჩარევის ან პოლიტიკური დევნის შესახებ აღქმის არსებობაც კი ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ

პოლიტიკური ჩარევის ან პოლიტიკური დევნის შესახებ აღქმის არსებობაც კი ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ და, რა თქმა უნდა, კონკრეტული საქმეების შედეგებისადმი. ვიმედოვნებ, ნებისმიერ შემთხვევაში, კანონი თანაბრად და მიუკერძოებლად აღსრულდება ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ ბიზნეს კონტაქტებისა, - განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან, როდესაც „ლელოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, ასევე, ნიკა გვარამიას საქმეებზე ჰკითხეს.

„ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში არაერთი თავის საქმისადმი ერთგული მოსამართლეა, რომელიც კანონის სამართლიან და მიუკერძოებელ აღსრულებას უჭერს მხარს. და ეს ადამიანები მართლმასჯულების სისტემის ის წევრები არიან, ვისაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სიამოვნებით უჭერს მხარს თავიანთ ძალისხმევაში, გაძლიერდეს ქართული მართლმსაჯულების სისტემის სრული დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. კიდევ ერთხელ, იმედს გამოვთქვამ, რომ კანონი აღსრულდება მიუკერძოებლად და თანაბრად ყველა ბრალდებულის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური აფილირებისა, თუ ბიზნეს კონტექსტებისა, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს გამოძიება $17 მილიონის ე.წ. გათეთრებას ედავება.

პროკურატურის მტკიცებით, 12 წლის წინ „თიბისი ბანკმა“ ახლობელ კომპანიებზე გასცა სესხი, რომელიც წინასწარი შეთანხმებით, ბანკის დამფუძნებლებმა პირად ანგარიშებზე დაიბრუნეს.

ამავე თემაზე:

მამუკა ხაზარაძე: მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ბიზნესში ადამიანის მკვლელობის ტოლფასია