გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა აძევებს ორ რუს დიპლომატს მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსკოვი დგას ორი წლის წინ ბერლინში მომხდარი მკვლელობის უკან. გერმანიის ფედერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოხდა.
15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ედება ბრალი, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რუსეთის ფედერაციის ელჩი გერმანიაში, სერგეი ნეჩაევი დაიბარა.
თავად რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ საქმე ეხება მიკერძოებულ, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო ართულებს რუსეთსა და გერმანიას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს.
ცნობისთვის, ეთნიკური ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით, ბერლინის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილს რუსეთი ტერორიზმის ბრალდებით ეძებდა. 2015 წელს საქართველოში მასზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც ბერლინში გაემგზავრა.
ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი ბერლინის პოლიციამ იმავე დღეს ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით დააკავა. პორტალ The Insider-ის თანახმად, „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში არის ფსბ-ს სტრუქტურებთან დაკავშირებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ინტერპოლით იძებნებოდა.
ამავე თემაზე
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება