ევროპარლამენტის სახაროვის პრემია პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის მიენიჭა, 15 დეკემბერს გამართულ ცერემონიაზე, პრიზი ალექსეი ნავალნის ქალიშვილმა, დარია ნავალნაიამ, მამის სახელით მიიღო.
შესავალ სიტყვაში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ ნავალნის გამბედაობა შეაქო.
„მას ემუქრებოდნენ, აწამებდნენ, მოწამლეს, დააპატიმრეს, მაგრამ რეალურად ვერ შეძლეს მისი გაჩუმება. როგორც მან ერთხელ თქვა, კორუფცია აყვავდება იქ, სადაც არ არის ადამიანის უფლებების პატივისცემა და მე მჯერა, რომ ის მართალია. კორუფციასთან ბრძოლა ასევე არის ბრძოლა ადამიანის საყოველთაო უფლებების დასაცავად. ეს, რა თქმა უნდა არის ბრძოლა ადამიანური ღირსებისთვის, კარგი მმართველობისთვის და კანონის უზენაესობისთვის“, - განაცხადა სასოლიმ და ნავალნის დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„როდესაც მივწერე მამას და ვკითხე, კონკრეტულად რისი თქმა სურდა გამოსვლაში? მიპასუხა: „თქვი, რომ ვერავინ გაბედავს რუსეთის გაიგივებას პუტინის რეჟიმთან. რუსეთი ევროპის ნაწილია და ჩვენ ვცდილობთ, გავხდეთ მისი ნაწილი. მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა, რომ ევროპამ იბრძოლოს იმ იდეებისთვის, რომლებზეც ის დგას“, - თქვა ალექსეი ნავალნის შვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ანდრია სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. ჯილდო გაიცემა ყოველწლიურად შემდეგ სფეროებში წარმატების შემთხვევაში: ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვა. დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის დაცვა. საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. უმცირესობის უფლებების დაცვა. პრიზი, რომელიც სერტიფიკატსა და 50 000 ევროს მოიცავს, საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. მან გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე თვე ბერლინში გაატარა. 2021 წლის იანვარში კი მოსკოვში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს. ნავალნის საპატიმროში კიდევ 2 წელზე მეტი დარჩა. 2021 წლის მარტში ხანგრძლივი შიმშილობა დაიწყო, რითაც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვა გააპროტესტა.
ევროპარლამენტარებმა 2021 წლის იანვრის რეზოლუციით ნავალნისა და სხვა პატიმრობაში მყოფი აქტივისტების მყისიერი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს.