ენტონი ფაუჩის თქმით, „ომიკრონზე“ მორგებული „ბუსტერი“ ამ ეტაპზე საჭირო არ არის და არსებული ვაქცინების გამაძლიერებელი დოზა ეფექტიანია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ვაქცინა სპეციალურად „ომიკრონის“ წინააღმდეგ ამ ეტაპზე საჭირო არ არის. ფაუჩი მოსახლეობას მოუწოდებს, არსებული ვაქცინების გამაძლიერებელი დოზით აიცრან.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ „ომიკრონი“ აშშ-ში დომინანტური ვარიანტი გახდება. მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი შტამი უფრო გადამდებია, მაგრამ ამ დრომდე ნაკლებად მძიმე ავადმყოფობა გამოიწვია.

ჯანდაცვის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან მოუწოდებენ ხალხს ვაქცინაციისა და გამაძლიერებელი დოზით აცრებისკენ.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ ახალი შტამის შემთხვევაში რეინფიცირების რისკი უფრო მაღალია.

კვლევის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა მხოლოდ 33%-ით ეფექტურია ახალი ვარიანტის წინააღმდეგ. ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, რომ mRNA ვაქცინის ორი დოზა არ არის ოპტიმალური ვირუსის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ სამი დოზა უზრუნველყოფს „ოპტიმალურ დაცვას“.