აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღებული დეკლარაციის პრიორიტეტები

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) მე-6 სამიტის ფარგლებში 22 გვერდიანი დეკლარაცია მიიღეს. 15 დეკემბერს, ბრიუსელმა და ევროკავშირის ხელმძღვანელებმა წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის პირების გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების ლიდერებსაც უმასპინძლეს. გამონაკლისი იყო ბელარუსი, რომელმაც მინსკის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრობა შეაჩერა. მიუთითეს რა სამიტზე ბელარუსისთვის განკუთვნილ ცარიელ სკამზე, ევროკავშირის ლიდერებმა სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზეც გაუსვეს ხაზი, რომ ბლოკი ბელარუსიელი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობს, მითითებით, რომ ევროკავშირმა სამოქალაქო საზოგადოებისადმი ფულადი სახსრები გამოყო.

ამასთან, ცნობილია, რომ 3 მილიარდი ევროს ეკონომიკური და საინვესტიციო პაკეტი მზად არის დემოკრატიული ბელარუსისთვის (თუ ასეთი ტრანზიცია მოხდება) - ასეთია ევროკავშირის გზავნილი ბელარუსის მიმართ.

რაც შეეხებათ დანარჩენ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, დეკლარაციაში, როგორც მოსალოდნელი იყო, მხარდაჭერაა დაფიქსირებული ასოცირებული ტრიოს ფორმატის მიმართ, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მაისში დააფუძნეს.

კერძოდ, ტექსტში აღნიშულია, რომ დიფერენციაციისა და ინკლუზიურობის პრინციპების შესაბამისად, ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ინიციატივას, რომლის მიზანია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება. ევროკავშირი ფასებს ამ ქვეყნების გაძლიერებულ კოორდინაციას. მათ შორის ასოცირების შეთანხმებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელებასთან, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც საერთო ინტერესის საკითხებს მოიცავს.

ევროკავშირი დეკლერაციაში ადასტურებს, რომ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს დემოკრატია და კანონის უზენაესობა საზოგადოებებში. ამასთან, ევროკავშირი აღიარებს დაინტერესებული პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ნათქვამია ასოცირების ხელშეკრულებებში.

„ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, მათ შორის უმცირესობების უფლებები, ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების სრული პატივისცემა რჩება ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედად.

მედეგობის გაძლიერების მიზნით, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე, ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაზე ხელისუფლების ყველა დონეზე, თაღლითობის, კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ორგანიზებულ დანაშაულთან და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაზე. ასევე, უსაფრთხოებისა და კიბერ მდგრადობის გაძლიერებაზე.

ჩვენ ასევე ვადასტურებთ სტრატეგიის გაძლიერების მნიშვნელობას კომუნიკაციის მდგრადობის ასამაღლებლად, მათ შორის, დეზინფორმაციისა და ინფორმაციის მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, და მოვუწოდებთ უფრო ძლიერი და სტრატეგიული მიდგომებისკენ, ისევე როგორც ევროკავშირსა და აღმოსავლელ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ მედიაგარემოს და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას, ვაღიარებთ დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებული მხარდაჭერის აუცილებლობას“, - მიუთითებს დეკლარაცია.

ევროკავშირი ადასტურებს მტკიცე ერთგულებას სტრატეგიული, ამბიციური და მომავალზე ორიენტირებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ, რომელიც საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს, ორმხრივ ინტერესებს და საერთო პასუხისმგებლობას, ინკლუზიურობას, დიფერენციაციასა და ურთიერთ ანგარიშვალდებულებას ეფუძნება.

„ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სტაბილურობას, კეთილდღეობას და ორმხრივ თანამშრომლობას, აუცილებელი რეფორმების განხორციელებას და გლობალური და რეგიონალური გამოწვევები გადაჭრას, ჩვენი ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ.

ჩვენი თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე განისაზღვრება ჩვენი შესაბამისი შეთანხმებებით და ჩამოყალიბდება, როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორების ამბიციებისა და საჭიროებების, ასევე რეფორმების ტემპისა და ხარისხის მიხედვით. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ევროკავშირის პირობითობასა და სტიმულირებაზე დაფუძნებული მიდგომა ("მეტი-მეტისთვის" და "ნაკლებად-ნაკლებისთვის") განაგრძობს სარგებლის მოტანას იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ჩართულნი რეფორმების განხორციელებაში.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს ამბიციის დონე და მიზნები, რომლისკენაც ისწრაფვის ევროკავშირთან ურთიერთობაში. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არის კონსტრუქციული პარტნიორობა, რომელიც არავის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ყველა ქვეყნის მშვიდობასა და კეთილდღეობას სამეზობლოში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ინკლუზიური და მოქნილი დარჩება, რაც საერთო რეგიონულ და გლობალური გამოწვევებს ერთობლივად გადაჭრას შეუწყობს ხელს, მათ შორის უფრო ღრმა სექტორული თანამშრომლობისა და გაცვლის გზით. ხაზს ვუსვამთ ამ კუთხით ჩვენს კონკრეტულ მიზანს, გავაძლიეროთ რეგიონული თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და მხარი დავუჭიროთ კავშირების განმტკიცებას“, - ვკითხულობთ დეკლარაციაში.

დეკლარაციაში ღრმა შეშფოთებაა გამოხატული აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ბევრ ნაწილში საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის გამო, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

„ჩვენ მოვუწოდებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის ძალისხმევისკენ, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე. კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება აუცილებელია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და თანამშრომლობისთვის. მივესალმებით ევროკავშირის ძალისხმევას, გაძლიერებულ ჩართულობას და გაძლიერებულ როლს კონფლიქტების პრევენციის, მისი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის საქმეში“, - აღნიშნულია ტექსტში.

ამასთან, ევროკავშირი ყველა აღმოსავლელი პარტნიორის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ერთგული რჩება.

ცნობისთვის, 2009 წლიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) მუშაობს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას და უკრაინას შორის.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, აერთიანებს სახელმწიფოების/მთავრობების მეთაურებს. ის წარმართავს შემდგომ პარტნიორობას და მომავალ წლებში თანამშრომლობისთვის პრიორიტეტებს ადგენს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტებზე მიღებული პრიორიტეტები შემდეგ ევროკავშირის მხარდაჭერის პოლიტიკაში აისახება, მათ შორის, ეს მოიცავს ისეთი მიმართულებების დაფინანსებას, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, ენერგეტიკა, გარემო, ჯანდაცვა, ციფრული კავშირები, მართლმსაჯულების რეფორმა, სატრანსპორტო კავშირები, ახალგაზრდების გაძლიერება.

აღმოსავლეთის პარტნიორობა არის ევროკავშირის პროექტი, რომლის დეკლარირებული მიზანია კავშირების განვითარება პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან.