აშშ ამაყობს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ვამაყობთ, რომ შეერთებული შტატები ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მხარდამხარ მსახურობდა კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. წლების განმავლობაში 15 000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა იმსახურა და იბრძოლა შეერთებული შტატებისა და NATO-ს მოკავშირეების ჯარისკაცებთან ერთად სხვადასხვა ოპერაციასა და ქვეყანაში. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა, ზოგიერთმა თავისი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაიღო.
„ჩვენ მათ ვალში სამუდამოდ დავრჩებით. ჩვენ ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას გამოვხატავთ ამ მეომრებისა და მათი ოჯახების მიმართ“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
ამერიკის საელჩოს თანახმად, „2012 წლიდან აშშ-ის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან, რათა დაეხმაროს მათ ჭრილობების მოშუშებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებით დაბრუნებაში“.
„ჩვენ სიამაყით განვაგრძობთ ამ ძალისხმევას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მჭიდრო პარტნიორთან, საქართველოსთან ერთად“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ხელმძღვანელობამ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს საქველმოქმედო ვახშამზე უმასპინძლა და 2021 წელს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.