WHO: საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას

სახელმწიფო დანახარჯების გაზრდა პირველად ჯანდაცვაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში. ამის შესახებ ნათქვამია WHO-ს პუბლიკაციაში - „საქართველოში პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების გადასინჯვა".

„დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად“ - ამბობს ტრიინ ჰაბიხტი, WHO-ს ბარსელონას ჯანდაცვის სისტემების ფინანსირების ოფისის ჯანდაცვის უფროსი ეკონომისტი, „ადეკვატური სახელმწიფო დაფინანსების გარეშე შეუძლებელია მაღალი ხარისხის, მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ხელმისაწვდომი და ადამიანებზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის მიღწევა.“

WHO-ს ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში პირველად ჯანდაცვაში გაწეული სახელმწიფო ხარჯები გაცილებით დაბალია. 2018 წელს ის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0.3%-ს შეადგენდა, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. 2019 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 7% დაიხარჯა პირველად ჯანდაცვაზე, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლები იყო. თუმცა,WHO-ს პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ მხოლოდ დაფინანსების ზრდა, რამდენადაც მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, ვერ გამოიწვევს სასურველი შედეგის მიღწევას.

„მხოლოდ დაფინანსების სისტემაში ცვლილებები არ არის საკმარისი. ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამა მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს, რათა მოიცვას მეტი მედიკამენტი და მეტი ადამიანი. აუცილებელია ფასების უფრო მკაცრი რეგულირება, გენერიკული მედიკამენტების უფრო ფართო მოხმარება და მედიკამენტების რაციონალური გამოწერისა და გამოყენების წახალისებისკენ ნაბიჯების დაუყოვნებლივი გადადგმა. ასევე ინვესტიციის განხორციელება პირველადი ჯანდაცვის მუშაკებში, გაუმჯობესებული მიმაგრება-რეგისტრაცია და ციფრული მონაცემების შეგროვება და მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს კარგი პერფორმანსის სტიმულირებას“. - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აკაკი ზოიძე პუბლიკაციაში.