ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა 11 იანვრამდე გადაიდო

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო. შესაბამისი შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.

პროკურორის განცხადებით, რეპლიკისთვის დრო სჭირდებათ. შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე, რადგან "პროკურატურა თავქუდმოგლეჯილი ჩქარობდა ამ საქმის დასრულებას, ახლა კი დროს წელავს".

რეპლიკების ეტაპით სხდომა 11 იანვარს, 11:00 საათზე განახლდება, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.

ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

ამავე თემაზე:

მამუკა ხაზარაძე: მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ბიზნესში ადამიანის მკვლელობის ტოლფასია