ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
„სასამართლომ კერძოდ დაადგინა, რომ (საქართველოს ხელისუფლებამ) არ გაატარა ზომები ბრბოსაგან ლგბტ დემონსტრანტების დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული იყო ამ მოვლენასთან დაკავშირებით არსებული საფრთხის შესახებ. ამას გარდა, არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ დამოუკიდებელი ჟურნალისტების ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ხელის არშეშლას ძალადობის აქტების მიმართ და ცრურწმენას, რაც ამ ძალადობის საფუძვლად იქცა“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში პუშკინის სკვერში შეკრებილ ლგბტ თემის წევრებს სასულიერო პირების თანხლებით ათასობით მონაწილე დაუპირისპირდა. ისინი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფა აყენებდნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს და აქტივისტებს. შეხლა-შემოხლის დროს, რაზეც პოლიცია ვერ ახდენდა რეაგირებას, აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.