სალომე ზურაბიშვილი: დროა, გამოვიდეთ ამ რაღაც „ახალგაზრდული ჯახიდან“,  გადავიდეთ უფრო დამწიფებულ, ახალ პოლიტიკაზე

შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიებისთვის გამართულ საახალწლო მიღებაზე.

პრეზიდენტის შეფასებით, ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე.

"დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ, თუ ჯგუფურ დონეზე, ყველა სფეროს მონაწილეობით.

ეს ყველაფერი უნდა იყოს ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რათა საზოგადოება და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რომელიმე მომენტში არ არის ჩართული შეხვედრაზე, შეძლოს, გაეცნოს კონსულტაციის შინაარსს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე აზრით, აღნიშნულს არ შეიძლება, წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა.

„სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა წინაპირობა მესმის, ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს. ეს ნიშნავს, რომ პროცესი ჩიხში შევა. არაფერია გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი პროცესში მოსაგვარებელი და მოსალაპარაკებელია.

თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა, ეს ცუდად იყო გაგებული, ამაზე დაიწყო გარკვევა, როგორ უნდა შევურიგდე იმას, თუ ამას, ან რატომ უნდა შევურიგდე. გასაგებია, ამგვარი პროცესები, რაც ჩატარდა მსოფლიოში, შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით, მით უმეტს, როდესაც წარსულს ეხება, ან აწყმოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც მირჩევნია, რომ დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი. უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება დემოკრატია, თუკი ეს პროცესი წარიმართება, რაც დღეს მსოფლიოში ბევრ ქვვეყანას არ შეუძლია.

"ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ერთგვარი მაგალითი იმისა, რომ პატარა ქვეყანამ შეძლო ან შეძლო პროცესის დაწყება, რაზეც ბევრი დიდი ქვეყანა ჯერ ვერც ბედავს, რომ იფიქროს. წარსულთან გავასწოროთ ანგარიშები, შევაფასოთ, დავხუროთ ის ფურცლები, რომელიც დღეს ძალიან მძიმედ გვაწვება, დავინახოთ მომავალი უფრო ნათლად.

ოკუპაცია, რომელზედაც პრაქტიკულად, აღარ ვლაპარაკობთ, დროდადრო ვამბობთ, რომ მიუღებელია ის, რაც საოკუპაციო ხაზზე ხდება, მაგრამ არ არსებობს რეალური სამოქმედო გეგმა და ვერც იქნება, რადგან ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული, ვერ ისაუბრებს თავისი ოკუპირებული ტერიტორიების გაერთიანებაზე - ეს არის ანაბანა

პირველი მაგალითი უნდა იყოს ძლიერი ქვეყნის, გაერთიანებული ქვეყნის, რომელმაც იცის საით მიდის, რა არის მისი პერსპექტივა, რომ ეს ერთიანობა დავანახოთ ჩვენს აფხაზებს და ოსებს, იმათ ვაჩვენოთ ნამდვილი გზა, რომელიც მათაც მისცემთ პერსპექტივას.

ერთად გავიაზროთ ჩვენი ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ერ არის ერთობლივ ხედვაში, ამასაც სჭირდება შეჯერებული ძალები, ყოველთვის არ ვიქნებით ერთმანეთთან თანხმობაში, ეს არის იდეალური, არარსებული ქვეყანა, სადაც აქვთ ერთი და იგივე აზრი, მაგრამ რაღაცებზე უნდა შევძლოთ არა თუ შეთანხმება, საუბარი, რომ სხვისი არგუმენტი მოვისმინოთ, შეიძლება ისიც მივიღოთ, ან არ მივიღოთ. ასევე უნდა იყოს ამ პროცესის ბოლოც, რომ ჩვენ ეს ეროვნული საუბარი შევძლოთ არამხოლოდ დღეს, არამედ მომავალში, ამითი იქნება ეს ქვეყანა ისეთი, როგორიც გვინდა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, იმისათვის, რომ ეს პროცესი წინ წავიდეს, მნიშვნელოვანია, შედგეს კონსენსუსის პლატფორმა, სადაც ერთობლივად გადაწყდება, როგორი უნდა იყოს ამ საუბრების შემდეგი ეტაპი, უცხოელებთან ერთად თუ ქართული - „გარედან, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების ძალისხმევა და მონდომება, არ აქვთ ამ პროცესის შიგნიდან გაგება, რომ მართონ მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენს მიერ მართული პროცესი“...

ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია და ამისთვის აუცილებელია დაიწყოს ერთმანეთთან საუბარი.

„ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც ოდენობით მაინც შეიცვალოს ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას დღეს. ამით არაფერი ისეთი ახალი ჯერ არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი, თუნდაც ეს ერთად დგომა, თუნდაც პოზიტივი არის მე მგონი და პოზიტივად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან ძლიერ განიცდის დღეს უკვე ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, გაუთავებელ დაძაბულობას, რომელმაც ჩაძირა რეალურად ჩვენი ქვეყანა, გააჩერა და პრაქტიკულად არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტა შეგვიძლია დღეს ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე. ამდენად ამ პროცესის დაწყება არის დროული და გეტყვით, რატომ არის დროული. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ 30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო არის 30 წლის, ზრდასრული სახელმწიფო. დრო არის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე , - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის სასახლეში მიღებას პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ნაწილი დაესწრო. მათ შორის იყვნენ, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები.