ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების თავმოყრას გმობს და რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვეს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნის მიმართ მუქარა, წერია ევროპარლამენტის შესაბამის რეზოლუციაში, რომელიც 548 ხმით 69-ის წინააღმდეგ მიიღეს.
ტექსტის თანახმად, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რუსეთი მკაცრად გააფრთხილოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება არამხოლოდ მიუღებელია, არამედ მას მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი ექნება.
მისივე მიხედვით, სანქციების ნებისმიერი ახალი პაკეტი უნდა მოიცავდეს SWIFT-ის გადახდის სისტემიდან რუსეთის გარიცხვას.
რეზოლუციის ავტორების შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნები სწრაფად უნდა შეთანხმდნენ „მკაცრ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებზე და უკრაინაში რუსეთის შეჭრას არ უნდა დაელოდონ.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.