"დაახლოებით ათზე მეტი საეჭვო შემთხვევა არის კვლევაში" - NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ომიკრონის შტამი ქვეყანაში უკვე ცირკულირებდეს. ლუგარის ლაბორატორიის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
"ეს შემთხვევები საეჭვო იყო იმ ჩვენი პროტოკოლით, რაც შევიმუშავეთ, საეჭვო შემთხვევები სხვადასხვა ლაბორატორიიდან მოდის. დღეს შემიძლია, თქვენ რომ გელაპარაკებით, ვთქვა, რომ ნამდვილად, ამ საათისთვის არ გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული ომიკრონის შემთხვევა, თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ უკვე ცირკულირებდეს ქვეყანაში" - განაცხადა გამყრელიძემ.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი "ომიკრონი" პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.
წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. "ომიკრონის" მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.