შერიგების თემა თუ გადის იმაზე, რომ სააკაშვილი გამოვუშვათ, ჩემთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, შეუძლებელია, ქართველი ადამიანი შერიგების წინააღმდეგი იყოს.
„ჩვენი მრწამსი, ქრისტიანობა, კულტურა სწორედ შემწყნარებლობაზე, შენდობასა და განსხვავებული აზრის პატივისცემაზე დგას. „ნაციონალურ მოძრაობას“ შერიგება ჰგონია, რომ ის, რაც ხდებოდა, უნდა დავივიწყოთ და მიშა გამოვუშვათ ციხიდან. ეს არ არის სწორი დეფინიცია, არც შერიგების სამართლიანი დეფინიცია. არასწორად ესმით შერიგების დეფინიცია. მე ასე მესმის, რომ იმის მიუხედავად, მოსახლეობას ატერორებდნენ, მწვალებლობა, მთელი ამბები იყო, ვსხედვართ კომიტეტებში, გვაქვს სჯა-ბაასი და რიგ შემთხვევებში, მათ ინიციატივებსაც კი მხარს ვუჭერთ. ამიტომ ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს“, – აღნიშნა ზარქუამ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას და ოპოზიციას შერიგებისკენ მოუწოდა.