პაატა იმნაძე: „ომიკრონით" უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად

"უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, შესაბამისად, საავადმყოფოების დატვირთვა კიდევ უფრო მოიმატებს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით მოწოდება კვლავ პირბადის ტარება და ვაქცინაციაა.

„საეჭვო შემთხვევებს მუდმივად ვიკვლევთ. ამდენ ქვეყანაში უკვე გავრცელებულია და საქართველოში გამოჩნდება. „ომიკრონის" ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება. გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა შტამი“.

დღეს არსებული მონაცემებით, ვირუსი სიმძიმით არ გამოირჩევა, მაგრამ ის, რომ მაგალითად, ბრიტანეთი პანდემიის განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლით რეკორდზე გავიდა, ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით ის, ვინც იმუნური არაა, კიდევ უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად. შესაბამისად, „მოიმატებს საავადმყოფოებზე დაწოლა“. რაც არ უნდა ბევრი მსუბუქი შემთხვევა იყოს, იქნება მძიმე შემთხვევებიც, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.