თემურ ალასანიას გამოკითხვა: ვესაუბრე ამერიკის კონსულს და მივიღე გადაწყვეტილება, გავიგო, რა პრეტენზიები აქვთ

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. ის უკვე მივიდა საამართლოში.

„მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე რომ მოვიდე ამ დაკითხვაზე და გავიგო, რა შეკითხვები აქვთ ჩემთან. მე ვესაუბრე ამერიკის კონსულს და პოლიტიკურ მრჩეველს, ადვოკატებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვიდე და გავიგო, რა პრეტენზიები აქვთ, თუ აქვთ საერთოდ და ამის შემდეგ გადავწყვიტო, რა პოზიცია დავიჭიროთ.

არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის. მათ ექსპერტიზას არ ვენდობი. ეს არის პოლიტიკური პიარი და საკმაოდ მოუხეშავი მცდელობა, რომ ყურადღება გადაიტანონ ძირითადი კრიზისული სიტუაციიდან, რაც გამოწვეულია სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური მდგომარეობით და რაც გამოწვეულია მესამე პრეზიდენტის უკანონო, პოლიტიკური დევნით“, - განაცხადა თემურ ალასანიამ მედიასთან.

თემურ ალასანია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება. სავარაუდოდ, საქმე ეხება 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილი თემურ ალასანიას ესაუბრება.

ამავე თემაზე

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი ბიძა, თემურ ალასანია დაკითხვაზე დაიბარეს