მოსკოვმა საკუთარი მოთხოვნები აშშ-ს და NATO-ს „პროექტის“ სახით წარუდგინა

რუსეთმა მოსკოვსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და NATO-სთან „შეთანხმების პროექტები“ გამოაქვეყნა და აცხადებს, რომ ეს დოკუმენტები 15 დეკემბერს გადაეცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდს, რომელიც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა.

რუსეთის პროექტში ნათქვამია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, გამორიცხოს ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციის შემდგომი გაძლიერება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარს ამბობს ალიანსში იმ ქვეყნების მიღებაზე, რომლებიც წინათ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში შედიოდნენ,“ ასევე არ შექმნის სამხედრო ბაზებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან NATO-ს შემადგენლობაში, არ გამოიყენებს მათს ინფრასტრუქტურას ნებისმიერი სამხედრო საქმიანობის საწარმოებლად, ასევე არ განავითარებს მათთან ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას. საუბარია აგრეთვე შეიარაღების შეზღუდვებზე.

NATO-სთან შეთანხმების ე.წ. პროექტში საუბარია მის წევრთა ვალდებულებაზე, გამორიცხონ ალიანსის გაფართოება, „მათ შორის უკრაინის, ასევე სხვა სახელმწიფოების“ მიერთება, აგრეთვე ის, რომ უარი თქვან „ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინის, ასევე სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ და საზღვრის მახლობლად მსხვილი სამხედრო სწავლების ჩატარებაზე.

გარანტიების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამჯენჯერმე გააკეთა განცხადება. ჯერ ჯო ბაიდენთან შეხვედრამდე და მას შემდეგაც.

საპასუხოდ, აშშ-ის ადმინისტრაციის და NATO-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რუსეთს არ შეიძლება, ჰქონდეს ვეტოს უფლება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ახალი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, გაწევრიანებაზე.

ასევე წაიკითხეთ: რუსეთი NATO-ს საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხზე ულტიმატუმს უყენებს

პუტინი გარანტიებს ითხოვს, რომ NATO აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდება

სტოლტენბერგის პასუხი რუსეთს: მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.