გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრს: სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ხდება, რა რეაგირება გაქვთ?

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას ჰკითხა, ხომ არ არის კორუფცია მართვის მთავარი მექანიზმი, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში

გიორგი ვაშაძემ მინისტრს სახელმწიფო ქონების გაფლანგვის შესახებ აუდიტის დასკვნა წარუდგინა.

„მე მაქვს აუდიტის რამდენიმე დასკვნა წლების მიხედვით, მათ შორის 2021 წლის დასკვნა და წაგიკითხავთ რამდენიმე ციფრს: 2 713 000 ლარი; 719 000 ლარი; 1 491 000 ლარი; 651 000 ლარი და ა.შ. ეს არის თქვენს სისტემაში შემავალ სხვადასხვა უწყებებაში დანაკლისი, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ხდება, ვიღაცის მიერ მითვისება ხდება.

მე მაინტერესებს, რა რეაგირება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?! რატომ არ ხდება ამ საქმეების გამოძიება?! არავინ არ არის პასუხისმგებელი, ამხელა თანხების გაფლანგვაზე და კორუფციულ სქემებზე თქვენს უწყებაში. ხომ არ ხდება ისე, რომ კორუფცია არის მართვის მთავარი მექანიზმი, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში, რომელიც ყოველთვის თქვენს პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს?!", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.