იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის გადაყვანაზე: მისი თითო კიდური თითო თანამშრომელს ეკავა, რომ არ დაზიანებულიყო

რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში ექსპრეზიდენტის გადაყვანის საკითხზე შეკითხვას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უპასუხა.

იუსტიციის მინისტრმა ასევე ისაუბრა პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზეც, რაც სახელმწიფო ინსპექტორმა კანონდარღვევად ცნო. ბრეგაძემ კადრების გასაჯაროება ახსნა იმით, რომ მათ ამისკენ მოუწოდებდნენ სახელმწიფოს სააკაშვილის ადვოკატები და მედია, პარალელურად კი „დეზინფორმაციას ავრცელებდნენ“, „თითქოს ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა“.

„ნაჩვენებია კადრები, როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობითი ფორმით მოუწოდებენ, რომ გადმოვიდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვნას, ის არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, რომ შესახლებულიყო შესაბამის დაწესებულებაში, ასეთ დროს, მით უმეტეს, როცა უკვე ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს პატიმარი თანამშრომელს, მათ აქვთ მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენების სრული უფლება, მაგრამ ესეც კი არ ყოფილა გამოყენებული და კარგად დაინახავს ყველა იმ კადრებში, რომ მისი თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს იმისთვის, რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეჰყავდათ.

რომელ ძალადობრივ „ინვაზიაზეა“ საუბარი, როდესაც მან გადააგდო სამედიცინო აპარატურა. ყველამ ნათლად დაინახა, რომ არავინ მასთან ნემსით არ მიახლოებულა და მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე სამედიცინო პროცედურის ჩატარება არ დაუწყია. აი ეს არის მთელი ისტორია და იმ კადრებში ასევე ძალიან ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ის მიზანმიმართულად აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ჩვენს თანამშრომლებს.

როდესაც ადამიანს პრეტენზია გაქვს, რომ ხარ იურისტი, გაქვს იურიდიული განათლება და ამბობ, რომ ადამიანი გაიტაცეს ერთი დაწესებულებიდან მეორეში, საუბარიც ზედმეტია კვალიფიციურობაზე”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.