ესტონეთის მთავრობის მეთაურის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოს მიერ მეგობარი ქვეყნების დიპლომატების მოსმენა მიუღებელია.
მედია აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრა პოზიტიურ ატმოსფეროში გაიმართა, თუმცა Eesti Päevaleht-თან საუბარში შეხვედრის შემდეგ კაია კალასმა აღიარა, რომ, ფაქტობრივად, განიხილებოდა უფრო რთული თემები - შეჩერებული რეფორმები საქართველოში და შემოდგომაზე გამოქვეყნებული ცნობები, რომ დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიების, მათ შორის ესტონეთის წარმომადგენლებს ფარულად უსმენდნენ.
„მე მას ვუთხარი: „გვინდა მხარი დაგიჭიროთ და დაგეხმაროთ, მაგრამ გაგვიადვილეთ ეს, გაატარეთ სასამართლო რეფორმები, შეეცადეთ, გადალახოთ საზოგადოებაში არსებული დაპირისპირება“, - განაცხადა კაია კალასმა.
ასევე წაიკითხეთ: რა საკითხები განიხილეს საქართველოს და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ღარიბაშვილისგან მოითხოვა საელჩოზე მიყურადების შესახებ გამოძიების ანგარიში.
„ვთქვი, რომ სრულიად მიუღებელია, რომ გვისმენენ. ასევე ვუთხარი: „ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, თქვენს ზურგს უკან ცუდს არაფერს ვამბობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ მას კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა“, - განაცხადა კაია კალასმა.
შეგახსენებთ, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოში დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ განცხადება 6 ოქტომბერს გაავრცელა და ასევე მიუთითა იმ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შორის, თბილისში, 4 ოქტომბერს შედგა.
„საქართველოს ელჩს გადავეცით ჩვენი შეშფოთება სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ მიღებული ცნობების გამო: ეს ეხება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციის სერიოზულ დარღვევას, რაც საფრთხეს უქმნის ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში“, - იუწყებოდა ესტონეთის საგარეო უწყება.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, აკრედიტებულმა ელჩებმა განაცხადეს, რომ მინისტრთან შეხვედრისას, სატელეფონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს. შესაბამისი განცხადება დიპლომატიური კორპუსის სახელით გავრცელდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.
ამავე თემაზე