დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ღამის კლუბების გახსნის საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განხილულა.
NCDC-ს დირექტორის თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ღამის კლუბებმა ღონისძიებები გამართონ.
„რამდენადაც მახსოვს, ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განხილულა და არ გადაწყვეტილა. იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღამის კლუბები ემზადებიან, შესაბამისი წესების მკაცრად დაცვითა და აღსრულებით, მაგრამ რომ საკოორდინაციო საბჭოს მიეღო გადაწყვეტილება მათი მუშაობის აღდგენის შესახებ, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა", - აღნიშნა გამყრელიძემ „ფორმულას“ გადაცემაში მრგვალი მაგიდა.
მისივე თქმით, ეს არ არის დისკრიმინაციული მიდგომა.
„მოგეხსენებათ ღამის კლუბები მომატებული რისკის მქონე დაწესებულებებია. გასაგებია, რომ მათ ჩაატარეს ბევრი ტრენინგები და ვიცი, რომ ემზადებოდნენ და ემზადებიან სერიოზულად, მაგრამ ჯერ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში, არ მგონია, რომ იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. ამიტომ, ჯერ უნდა ფრთხილად ვიყოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, კლუბების ხელმძღვანელები დღეს იუწყებოდნენ, რომ უნდა გაეხსნათ ობიექტები, თუმცა მოგვიანებით შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია.