სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოში გაასაჩივრა.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა.
„ადმინისტრაციული აქტი დღეს გავასაჩივრეთ. შესაბამისად, ეს უკვე სამართლებრივი პროცესია. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თანახმად, ეს სასამართლო ხელისფლებამ უნდა განიხილოს. ვნახოთ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ ისინი თვლიან, რომ რაიმე დავარღვიეთ, ჩვენ მკვეთრად განსხვავებული პოზიცია გვაქვს, რაც რა თქმა უნდა, მტკიცებულებებს ეფუძნება.
საუბარია გადაწყვეტილების მიღების მიზნებზე - ხაზგასმით ვიტყვი, რომ კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იყო მიღებული. აქ საჯარო ინტერესი ძალიან მაღალი იყო. როდესაც საქმე ეხება მართლწესრიგს, სახელმწიფო უსაფრთხოებას და საზოგადოებრივი მშვიდობის შენარჩუნებას, ეს ძალიან მაღალი საჯარო ინტერესია“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.
შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.