ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნაწილია

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, მადლობა იმ ნდობისა და ერთგულებისთვის რომელიც მათ გამოგვიცხადეს არჩევნებში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა.

"დღეს, მსურს საზოგადოებას მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარვუდგინო და შევეხო იმ ძირითად საკითხებს, თუ რა დამხვდა, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დავიკავე, რისი გაკეთება შევძელით ჩვენ ყველამ ერთად და რა სამომავლო გეგმები გვაქვს.

პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, მადლობა იმ ნდობისა და ერთგულებისთვის რომელიც მათ გამოგვიცხადეს არჩევნებში. ხალხი არის ძალაუფლებისა და ლეგიტიმაციის წყარო, ჩვენ, ხელისუფლებამ ეს მიღებული მანდატი გაკეთებული საქმით, ერთგულებითა და თავდადებით, შექმნილი სიკეთეები ხალხს უნდა დავუბრუნოთ.

ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნა უდიდესი პატივია, მაგრამ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა, იზრუნო ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის, ეს არის შესაძლებლობა, ბოლომდე დაიხარჯო, ერთგულად ემსახურო ჩვენს ქვეყანას, დაიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება, ეკლესია, ოჯახის ინსტიტუტი, უკეთესობისკენ შეცვალო ჩვენი ხალხის ყოველდღიური ცხოვრება, გააუმჯობესო მათი მდგომარება და ხალხისთვის მოიტანო განვითარება და კეთილდღეობა. ეს შესაძლებლობაა და ამავდროულად ჩვენი ვალდებულებაა მეგობრებო", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ამაყ და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს.

„ჩემი გამოსვლის დასაწყისში მოკლედ შევეხები იმას, თუ კიდევ რა გამოწვევების წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები და რაც მთავარია, ჩვენი ხალხი, როდესაც გუნდმა პრემიერ-მინისტრად წარმადგინა.

მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში მომიწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ხელოვნურად იყო აწეული და დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კი საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდნენ. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, მან უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას, უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეასრულოს ვალდებულებები. სამწუხაროდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსები ამ პრინციპებს არ აღიარებდნენ, შესაბამისად, შეურაცხყოფდნენ ქართველ ხალხსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩემს მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, ამ პრინციპების მტკიცედ დაცვა დავიწყეთ, ქვეყანაში დავამყარეთ წესრიგი და ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს. ჩემი პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.