„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არასწორი და არასამართლიანი უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტს, რომელიც მმართველმა გუნდმა დააინიცირა და იღებს, არ აქვს ალტერნატივა გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია.
„მე მგონი ეს არ არის სწორი შეფასება და იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არ აქვს ალტერნატივა გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა ეს არჩევნები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციამ, რაშიც არის ცესკოს თავმჯდომარის დამსახურება და ცესკოს თითოეული წევრის დამსახურება, მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, ეს შეფასება მე არ შემიძლია შევაფასო, როგორც სამართლიანი,“- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა.
"პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს", - აღნიშნულია განცხადებაში.