რუსეთმა ოფიციალურად დატოვა „ღია ცის“ ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნების ჯგუფი. რადიო თავისუფლების ცნობით, მოსკოვმა 18 დეკემბრიდან შეწყვიტა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
მოსკოვმა გადაწყვეტილება 2020 წლის ნოემბერში, ხელშეკრულებიდან ვაშინგტონის გასვლის შემდეგ მიიღო. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთი შეთანხმების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, რასაც თავის მხრივ მოსკოვი უარყოფდა და შეთანხმების ჩაშლაში პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებდა.
ცნობისთვის, „ღია ცის“ ხელშეკრულებას 1992 წელს მოეწერა ხელი და 2002 წელს შევიდა ძალაში. 34 ხელმომწერს უფლება აქვს, განახორციელოს ხანმოკლე, შეუიარაღებელი დაკვირვება და სამეთვალყურეო ფრენები ერთმანეთის ტერიტორიებზე - სამხედრო ძალებისა და მოქმედებების შესახებ მონაცემთა შეგროვების მიზნით.
მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც რუსეთის „ღია ცის“ ხელშეკრულების დენონსაცია ოფიციალურად გაფორმდა.