ცენტრმა „ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა. ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ „არაეფექტიანი მკურნალობა გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, დიდია კორსაკოვის სინდრომის რისკი“.
დასკვნის მიხედვით, ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა თიამინის დეფიციტით გამოწვეული ვერნიკეს ენცეფალოპათია, რომელიც იყო დიაგნოსტირებული დაგვიანებით, არ მოხდა პრედიქტორების დიაგნოსტიკა და პრევენციული მიდგომა შიმშილობის შეწყვეტისა და დროული მკურნალობის მიზნით.
შემდგომში მკურნალობა ვერნიკეს ენცეფალოპათიის არ გაგრძელდა თიამინის საჭირო დოზებით, 30/12/2021 წლიდან შეწყდა ტაბლეტიზირებული ფორმით მიღებაც. შესაბამისად, განვითარდა მეორადად ცერებრო - ორგანული დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემები. მდგომარეობა დაამძიმა და ურთიერთზემოქმედების ჯაჭვური მექანიზმი წარმოქმნა წამებამ და არაადამიანურმა მოპყრობამ პოსტტრავმული სტრესული დარღვევის განვითარებით.
ექსპერტთა დასკვნაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მკურნალობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს:
„აუცილებლად მიგვაჩნია თიამინით მკურნალობის აღდგენა, მოცემულ დასკვნაში წარმოდგენილი დანიშნულებით (500 მგ. დღიური დოზა); ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების კონსულტაციით, აუცილებელია ინდივიდუალური პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობა - რეაბილიტაციის კურსის განსაზღვრა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ არის ამჟამად სიტუაცია ფსიქოთერაპიული ინტერევენციისათვის, ვიდეო - თვალთვალისა და შესაძლო მიყურადების ფონზე.
ჰემატოლოგის კონსულტაციით საჭიროა მკურნალობაში ფოლიუმის მჟავის 15 მგ. ჩართვა. ენდოკრონილოგისა და ჰემატოლოგის კონსულტაციით საჭიროებს დამატებით ჰორმონულ თუ სხვა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს.
დამატებითი კვლევების საჭიროება ასევე ასახულია ნევროლოგებისა და ფსიქიატრების დასკვნაში: თავის ტვინის მრტ, ექსტრა და ტრანსკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას, ელექტროენცეფალოგრაფიულ კვლევას დინამიკაში და ელექტრონეიროგრაფიულ კვლევას, ნეირო - ფსიქოლოგიურ გამოკვლევას.
ზოგადად, პაციენტი საჭიროებს ძირითადად მართვას ნევროლოგისა და ნეირო - რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობით, აუცილებელია, მკურნალობა - რეაბილიტაციაში ჩართული იყოს მულტი - დისციპლინური გუნდი: ფსიქიატრის, ფსიქიოლოგის, ფსიქოთერაპევტის, ენდოკრიონოლოგის, ჰემატოლოგის, გასტრო - ენტეროლოგის და სხვა შესაძლო სპეციალისტების მონაწილეობით.
პაციენტი საჭიროებს დამატებით ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს, ასევე ინდივიდუალური მკურნალობა - რეაბილიტაციის კურსის შემუშავებას, აუცილებელია ნეირო - ფსიქოლოგიური მიმართულების კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა - რეაბილიტაციის კურსის ჩატარება სტაციონარულ პირობებში. ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა - რეაბილიტაცია ვერ შეფასდება ეფექტურად. პაციენტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოძიებული იქნას ალტერნატიული სამკურნალო - სარეაბილიტაციო დაწესებულება მისი მდგომარეობის ეფექტური მკურნალობისათვის. არაეფექტური მკურნალობა - რეაბილიტაცია გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, კერძოდ, დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას", - ვკითხულობთ დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერენ ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის წევრები:
ექსპერტი - ნევროლოგი, პროფესორი /ოთარ თოიძე/ექსპერტი - ნევროლოგი/ფსიქიტრი/ნარკოლოგი /თამარ ნიორაძე/ექსპერტი ფსიქიატრი /გიორგი ბერულავა/ექსპერტი ფსიქიატრი /მარიამ ჯიშკარიანი/ექსპერტი ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი /კახაბერ მიქაძე/ექსპერტი ენდოკრინოლოგი, პროფესორი /ლალი ჯავაშვილი/ექსპერტი ჰემატოლოგი, პროფესორი /მარინე აბაშიძე/ექსპერტი რეანიმატოლოგი ლევან ბესელია/