ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ლაშა შავდათუაშვილმა და ილია სულამანიძემ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ინტერნეტ-გამოკითხვაში გაიმარჯვეს.

რადიო თავისუფლების ცნობით, შავდათუაშვილი მსოფლიოს 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტი გახდა, სულამანიძე კი წლის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს დაეუფლა.

მსოფლიო ძიუდოს მმართველმა ორგანიზაციამ, თითოეულ ნომინაციაში, ხუთ-ხუთი ნომინანტი ახლახან დაასახელა. მათ შორის საუკეთესოები კი გულშემატკივრებმა გამოავლინეს.

ლაშა შავდათუაშვილმა წლეულს, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ქართული ძიუდოს ისტორიაში ერთადერთია, ვინც შეძლო სამივე დიდი შეჯიბრების ოქროს მედლის მოგება. იგი ოლიმპიური ჩემპიონი 2012 წელს გახდა, ევროპირველობაზე კი 2013-ში მიაღწია წარმატებას. გარდა ამისა, ზაფხულში შავდათუაშვილმა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ვერცხლით, ოლიმპიადებზე მოგებული მედლების სრული კომპლექტი შეკრა.

20 წლის ილია სულამანიძე (100 კგ) 2021 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს (21-წლამდელთა) შორის და ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელებში. მან უფროსებს შორისაც დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს ნაკრებში და მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა გარდა ამისა, ორჯერ დიდ სლემზეც შეძლო საპრიზო სამეულში მოხვედრა.