სენატორი ჯიმ რიში: რუსეთი ომის დასაწყებად საბაბს ეძებს

სენატორმა ჯიმ რიშმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და NATO-ს ყველა წევრი ქვეყნის ლიდერებს მოუწოდა, რომ უარყონ რუსეთის პირობები, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წამოაყენა. რადიო თავისუფლების ცნობით, სენატორი რიში აცხადებს, რომ ალიანსი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინი შეეცდება ეს უარი სამხედრო აგესიის საბაბად გამოიყენოს.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ამბობს, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალის თავმოყრით გამოწვეული დაძაბულობის შესანელებლად მოსკოვის მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების წინადადებები, აშკარა ნიშანია, რომ რუსეთი „ომის დასაწყებად საბაბს ეძებს“.

„რუსეთის ფედერაციას სრულად აქვს გაცნობიერებული, რომ შეუძლებელია იმ წინადადებების მიღება, რომელიც მან წამოაყენა. პუტინმა იცის, რომ აშშ და მისი 29 NATO-ელი მოკავშირე არ აწარმოებენ და არც შემდგომში გამართავენ მოლაპარაკებებს უკრაინის მსგავსი სუვერენული სახელმწიფოების მომავალზე, რომლებსაც თავად უნდა შეეძლოთ საკუთარი არჩევანის გაკეთება", - განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.