ეპიდემიოლოგი, კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკური ჯგუფის ლიდერი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) მარია ვან კერხოვე აცხადებს, რომ პანდემიის დასრულება 2022 წელს შესაძლებელია.
„2022 არის ის წელი, როცა ჩვენ შეგვიძლია, პანდემია გლობალურად დავასრულოთ. ხელში ყველა საჭირო ინსტრუმენტი გვაქვს.
მისივე თქით, „ომიკრონი“ შემაშფოთებელი ვარიანტია და კიდევ იქნება სხვა შტამებიც, თუ ვირუსის ცირკულაცია გაგრძელდება.
„მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისთვის. 2022 წელს ძალიან იმედიანად შევყურებ“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.
წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.