ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა სოჭში ჩავიდა, სადაც 20 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს შეხვდება.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან თემებსა და ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის შესახებ იმსჯელებენ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ინალ არძინბას საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი 17 ნოემბერს მოაწერა.
31 წლის ინალ არძინბა სოხუმში დაიბადა. ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია.
განათლება მიღებული აქვს მოსკოვში, ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში, მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე 2007-2012 წლებში.
სხვადასხვა დროს ის მუშაობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად; ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.
უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. კრემლში ის კურირებდა ურთიერთობას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან.
უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.
წყარო - რადიო თავისუფლება