დევი ტაბიძე: „ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა, ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნება

„ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს - ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნება, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, დევი ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“განაცხადა.

როგორც ტაბიძე განმარტავს, „ომიკრონის“ გავრცელება თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს.

„შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ „ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს.

„ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც აცრილი ადამიანები, ამასთან ის პირებიც, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი. აქ ვირუსის მიმდინარეობა მსუბუქი იქნება. ეს ევროპულ ქვეყნებში არსებული ვითარებით დასტურდება. ჩვენ ისე გადავალთ "მეექვსე ტალღაში", რომ ამას ვერც შევიგრძნობთ. "მეხუთე ტალღის" სიმძიმეა ის, რომ კლინიკების ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები გაივსო. „ომიკრონის“ მასობრივი შემოსვლა თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს“, - აღნიშნავს ტაბიძე.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.