გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მარგველაშვილი ასევე ითხოვს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას.

„შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, რომლის განხილვასაც ეთერში არ ვაპირებ. ბუნებრივია, ვისაუბრეთ მათ შორის იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ და მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია ქალბატონი პრეზიდენტის, რომელიც დღეს, მისი თაოსნობით იწყება.

აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდე აგრეთვე საქართველოს მე-3 პრეზიდენტს და დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს, რომ მომცენ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ქართულ კანონმდებლობაში ამ მიმართულებითაც ყოფილ პრეზიდენტს არანაირი პრივილეგია არ გააჩნია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები მომცემენ შესაძლებლობას, რომ შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „მთავარ არხთან“.