ნიკოლ ფაშინიანი: მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობათაშორისმა კომისიამ შექმნა საუკეთესო პირობა იმისა, რომ კომისიას დღეს უკვე თავმჯდომარეობს ორი ქვეყნის ხელმძღვანელი და ესეც უპრეცენდენტოა.

„გულითადად მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის მონაწილეებს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ კოლეგებს ტრადიციული, თბილი მიღებისთვის. კმაყოფილებით მინდა დავაფიქსირო, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და წარმატებები დაფიქსირდა სხვადასხვა სფეროში.

2019 წელს, საქართველოსთან ამბიციური თამასა განვსაზღვრეთ, მიზნად დავსახეთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდა 1 მილიარდ დოლარამდე. კოვიდის პანდემიამ შეანელა ეს პროცესი, მაგრამ ახლა, როდესაც ვსწავლობთ კოვიდის პარალელურად ცხოვრებას, წინადადება მაქვს, განვაგრძოთ ჩვენი მიზნის მისაღწევი ყველა მიმართულება და აუცილებლად მივაღწიოთ 1 მილიარდ დოლარამდე ჩვენი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვას.

მართალია, გვაქვს შემოთავაზება, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ძალზედ ამბიციური საკითხია და ხაზი მინდა გავუსვა, რომ მართალია, მიმდინარე წლის 10 თვის ჩვენი ურთიერთვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა წინა 3 წლის წლიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჯერ შორს ვართ 1 მილიარდის მიღწევამდე.

ეკონომიკური ურთიერთობების მთავრობათაშორისმა კომისიამ შექმნა საუკეთესო პირობა იმისა, რომ კომისიას დღეს უკვე თავმჯდომარეობს ორი ქვეყნის ხელმძღვანელი, ესეც უპრეცენდენტოა. მთავრობათაშორისი კომისიის ეს სხდომა უნდა ჩატარებულიყო ჯერ შარშან, მაგრამ პანდემიის გამო არ ჩატარდა, მაგრამ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, როგორც ჩვენს დონეზე, ასევე დარგობრივი პასუხისმგებლობის დონეზე, ტარდებოდა დინამიურად. დღეს ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი მოიცავს მრავალ სფეროს. ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები კი ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნებას, რის მნიშვნელობაზეც უკვე ისაუბრა ბატონმა პრემიერმა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანის შეფასებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა ურთიერთნდობა, რომელიც დამყარებულია ხალხების ისტორიულ მეგობრობაზე.

„მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობების ადამიანურ და ემოციურ სფეროს. ეს ეხება არამხოლოდ ჩემსა და ბატონ ღარიბაშვილს შორის ურთიერთობებს, არამედ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის. ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულად და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ ოფიციალური, არამედ ადამიანური ურთიერთობა. ჩვენ ეს ნდობა უნდა გავაღრმავოთ.

სომხეთისა და საქართველოს ხელმძღვანელების შეხვედრები პერიოდულია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ურთიერთობების მრავალი სფერო განვიხილოთ. წელს მე და ბატონი პრემიერი უკვე ოთხჯერ შევხვდით. მსგავსი განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა და ეს საფუძველია იმისა, რომ შევძლოთ ეკონომიკური ურთიერთობების ახალი დონის განსაზღვრა და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციული დონე უფრო ავამაღლოთ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას სომხეთის დელეგაციის მაღალ დონეზე მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მუშაობას“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.